ეროვნული ლიგის 24-ე ტურის პრევიუ – საჩემპიონო თბილისური დერბი
ეროვნული ლიგის 24-ე ტურს ხვალ 16: 30 წუთზე “სამტრედია” – “დილას” დაპირისპირება გახსნის. 15 სექტემბერს “ლოკომოტივი” და “სიონი” გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო, 16-ში 3 მატჩი გაიმართება. Fanebi.com ტურის სრულ პრევიუს წარმოგიდგენთ.
“სამტრედია” VS “დილა” – გიორგი დარასელიას ფაქტორი
“დილას” მიერ გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია ეროვნული ლიგის აუტსაიდერმა, “სამტრედიამ” მიიღო. ინფორმაცია ოფიციალურად 2 დღის წინ დადასტურდა და პირველივე მატჩი დარასელიას იმ გუნდის წინააღმდეგ აქვს, რომელსაც თითქმის 2 წელი აშენებდა და მის საფეხბურთო ფილოსოფიას, რა თქმა უნდა, “დილა” რამდენიმე კვირაში ვერ შეცვლიდა. შესაბამისად, დარასელიამ იცის როგორ მოუგოს გორელებს, მაგრამ რამდენად შეასრულებენ ამას სამტრედიელები? თავის მხრივ, “დილას” კარში დღეს გოლის გატანა ყველაზე რთული პროცედურაა. მას შემდეგ, რაც ლუკა გუგეგაშვილი პირველი ნომერი გახდა, კლუბს გოლი არ გაუშვია. რიბეიროს შეჩერებას კი 1 მცველი ნამდვილად არ ეყოფა. ბრძოლა გადარჩენიდან – საუკეთესო სამეულისკენ
სამტრედია: პოგორილი – ჩაჩუა, ჯგერენაია – ლიპარტია, კოშმანი – ფანცულაია
დილა: გუგეშაშვილი – ჩადუნელი – ქავთარაძე, რიბეირო – კოვტალიუკი
ლოკომოტივი VS სიონი (15 სექტემბერი 16:30) – მატჩი მე-7 ადგილისთვის
მატჩი, რომელიც პრაქტიკულად გადაწყვეტს, მე-7/მე-8 ადგილისთვის ბრძოლას. “სიონმა” აუტსაიდერობის შემდეგ შეძლო ბოლო პოზიციებისთვის თავი დაეღწია და შანსი გაუჩნდა, “ლოკომოტივს” მაქსიმალურად დაეწიოს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 5 ქულას შეადგენს და წინ ძალიან დაძაბული 90 წუთი გველის.
ლოკომოტივი : – ჭანტურია, ლობჟანიძე, უბილავა – სამურკასოვი – ჯიქია
სიონი: ზარქუა – მინდორაშვილი, ნოზაძე – ხმალაძე, კირკიტაძე – ვისიანი
დინამო – საბურთალო (16 სექტემბერი 16:30) – საჩემპიონო თბილისური დერბი
24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 16:30 წუთზე გაიმართება. ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი (ამ წინადადებას “დინამოს” ფანები “დინამო არენას” დიქტორის ინტონაციით კითხულობენ) “საბურთალოს” მიიღებს და გამარჯვების შემთხვევაში, პოტენციურად სხვაობას 2 ქულამდე შეამცირებს. ოთარ კიტეიშვილის წასვლის შემდეგ “დინამოს” ლიდერობა აკაკი შულაიამ ითავა და შულა ზივზივაძესთან ერთად კლუბისთვის მთავარ ძალას წარმოადგენს. “საბურთალო” 11 ტურია, რაც არ დამარცხებულა და ჩემპიონატს ღირსეულად ლიდერობს. ყველაზე სტაბილური და დაბალანსებული გუნდი სწორედ რომ “საბურთალოს” ჰყავს, ყველა პოზიციაზე საინტერესო ფეხბურთელებით არის წარმოდგენილი და ჩემპიონობისთვის მზად გახლავთ. კაჭარავას “დინამო” – ჭიაბრიშვილის “საბურთალოს” წინააღმდეგ
დინამო: სიკაჩი – თოთაძე, რუხაია – შულაია, ნინუა – ბუდუ ზივზივაძე
საბურთალო: კუპატაძე – მარგველაშვილი, რეხვიაშვილი – გონსალვეში, გორგიაშვილი – კოხრეიძე/ვოლკოვი
რუსთავი – კოლხეთი (16 სექტემბერი 18:00) – რა შეუძლია დემიდოვს?
შეხვედრაში ნომინალური მასპინძელიც, სტუმარიც და ნეიტრალური გულშემატკივარიც თავს საკუთარ სახლში იგრძნობს, რადგან მიხეილ მესხი სეზონის დაწყების შემდეგ რამდენიმე გუნდის გარდა, “ყველას სახლია”. ახლა უკვე უჩა სოსიაშვილის “რუსთავი” ფავორიტის სტატუსით გამოვა და ძალიან კარგი შანსი ექნება, 3 ქულა აიღოს. “კოლხეთმა” რამდენიმე დღის წინ მწვრთნელი მეოთხედ შეცვალა და კოლხებში ერთადერთი ნამატი ვიქტორ დემიდოვია. ჯერჯერობით არცერთი ახალი ფეხბურთელი და არავითარი სიახლე “კოლხეთიდან” არ მოდის. ფოთელებმა ბოლო გამარჯვება 12 ტურის წინ მოიპოვეს და გავარდნის უპირობო კანდიდატია. ამავდროულად მიხალიოვს კვლავაც ტრავმა აქვს და საინტერესოა, რა შეუძლია დემიდოვს?
რუსთავი: სეფიაშვილი – კილასონია, გუბულოვი – პაპავა, კვარაცხელია – მარცვალაძე
კოლხეთი: დემიდოვი – კაბორე, ჭეიშვილი – კაკულია, ტყემალაძე – იმნაძე
ტორპედო – ჩიხურა (16 სექტემბერი 20:00) – ახალი ძველის წინააღმდეგ
24-ე ტურს ქუთაისელებისა და საჩხერლების დაპირისპირება დახურავს. ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში გამოვარდნის შემდეგ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა და პირველი გამოტოვებული მატჩი “რუსთავთან” 0-0 დაასრულა. კახა ჩხეტიანის გუნდი სამეულისთვის აპირებს ბრძოლას და პირველი მეტოქე ამ ბრძოლაში “ჩიხურაა”. “ჩიხურა” “ტორპედოს” 8 ქულით და 3-ით მეტი ჩატარებული თამაშით უსწრებს. ფრუიძე ძველი და სტაბილური კოლექტივით, ჩხეტიანი ახალი და ლეგიონერებით დატვირთული.
ტორპედო: კვასხვაძე – კობახიძე, ქიმაძე – ცინცაძე, კუხიანიძე – კაპანაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი – მირცხულავა, ჩიკვაიძე – კაკუბავა, ბუღრიძე – გაბედავა
ყველა შეხვედრის ყურებას Erovnuliliga.ge-ზე შეძლებთ. “დინამო” “საბურთალოს” დაპირისპირებას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.