ვარაუდი: ქართველი ფეხბურთელების “სქემა” და გიორგი ლორია “სან ხოსეს” შეუერთდება?
საქართველოს ეროვნული ნაკრებში მხოლოდ ერთა ლიგისთვის გამოძახებული ფეხბურთელებიდან 8 ფეხბურთელი 1 გუნდში თამაშობს. ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი “ტობოლში”, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია “გენტში”, ოთარ კაკაბაძე და ვაკო გვილია “ლუცერნში”, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი კი “სან ხოსეში”. საუბარი გვაქვს მხოლოდ ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაზე და თუ უფრო ფართოდ მივყვებით, ეს დათვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს.
კვეკვესკირმა “რეიმსიდან” წამოსული კანკავა ყაზახურ გუნდს გააცნო და შემდეგ “ტობოლმა” მისი დამატება გადაწყვიტა. ოთარ კაკაბაძე თავის დროზე “ხიმნასტიკში” გიორგი აბურჯანიას რეკომენდაციით მოხვდა, ხოლო, შვეიცარიულ “ლუცერნთან” ის ვაკო გვილიამ დააკავშირა. რთული გამოსაცნობი არ არის, თუ როგორ მოხვდა კაშია ამერიკაში, თანაც “სან ხოსეში”. ყველაზე ნაკლებად ეს ჩაკვე-ქვილის დუეტზე ითქმის, თუმცა ჩაკვეტაძე თავის გარკვეულ წვლილს ამ ტრანსფერში, უეჭველია, შეიტანდა.
როგორ მოქმედებს ეს “სქემა”? კონკრეტული ქართველი ფეხბურთელი მიდის უცხოეთში, მკვიდრდება, ძირითადში ადგილს, კლუბში ავტორიტეტსა და პატივისცემას მოიპოვებს, შემდეგ კი, როდესაც გუნდს ფეხბურთელი დასჭირდება, ხელმძღვანელობას მეგობარით დააინტერესებს, რომელიც ამ დროს ეროვნულ ლიგაში ან სხვა გუნდში იმყოფება. უმეტესწილად, ეს ყველაფერი ამართლებს და ქართველები ერთად აღმოჩნდებიან.
საინტერესო სიტუაცია: “სან ხოსეში” შეუცვლელი ქართული წყვილი, კაშია-ყაზაიშვილი თამაშობენ და ESPN-ის ინფორმაციით, ამერიკული გუნდი, შესაძლოა, არნემის “ვიტესის” ყოფილმა მენტორმა, პეტერ ბოშმა ჩაიბაროს. გარდა ამისა, “ერსქვეიქსის” ორივე გოლკიპერი, ტარბელი და მარცინკოვსკი უსახურად გამოიყურებიან და 29 მატჩში ჯამში 61 გოლი გაუშვეს.
ამუშავდება სქემა? “კრილიას” დატოვების შემდეგ გიორგი ლორია “დინამოში” ვარჯიშობს და ფორმას ინარჩუნებს. “სან ხოსეში” გადასვლის შემდეგ კაშია წინა მატჩში კაპიტანი გახლდათ, ხოლო, ყაზაიშვილი მთავარი ლიდერია და თუ ბიჭებმა ლორიას რეკომენდაცია გაუწიეს, ნამდვილად შესაძლებელია, ის ამერიკაში ვიხილოთ.
სტატია მხოლოდ ჰიპოთეზაზეა დაფუძნებული, მეცნიერულ კვლევას არ წარმოადგენს, თუმცა გარკვეული საფუძველი ნამდვილად გააჩნია.