“არსენალმა” საკუთარ კედლებში “ევერტონი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეექვსე ტური ლონდონის “არსენალისა” და “ევერტონის” დაპირისპირებამ დახურა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “არსენალმა” მაინც შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და საკუთარ აქტივს კიდევ სამი ქულა დაუმატა.
შეხვედრის პირველ ნახევარს უმეტესად დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა, ბურთს “მეთოფეები” ფლობდნენ, თუმცა “კამფეტების” შეტევები უფრო სახიფათონი გახლდათ. პირველი ტაიმი შესაფერისად დასრულა 0-0.
მეორე ტაიმის სტარტზე “არსენალმა” უპირატესობა მოიპოვა – ჯერ ლაკაზეტმა შეძლო რემზის გადაცემის გამოყენება (56′), შემდეგ კი ობამეიანგმა დაუფასა უელსელ ნახევარმცველს შრომა (59′).
ასე რომ, პრემიერ ლიგის ექვსი ტურის შემდეგ “არსენალი” 12 ქულით მეექვსე ადგილზეა, “ევერტონი” კი 6 ქულით – მეთორმეტეზე. მომდევნო ტურში “არსენალი” “უოტფორდს” მიიღებს, “ევერტონი” – “ფულჰემს”.