ლუკა იმნაძე: “ყველას გვსურს, “კოლხეთის” ისტორია კვლავ ეროვნულ ლიგაში გაგრძელდეს”
ფოთის “კოლხეთის” ახალგაზრდა კაპიტანმა, ლუკა იმნაძემ თბილისის “დინამოსთან” (2-1) წაგების შემდეგ Fanebi.com-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. იმნაძე გუნდში არსებულ სიტუაციაზე, მთავარ მწვრთნელზე, ფოთში დაბრუნებაზე და ელიტაში დარჩენაზე გვესაუბრა.
“დინამოსთან” მატჩის შემდგომ
“ყველამ კარგად იცის თუ რა ძალას წარმოადგენს “დინამო”, გასვლაზე ვთამაშობდით და ლიდერთან, შესაბამისად, მე-2 ნომრად თამაში ავირჩიეთ. მაქსიმალურად ვცდილობდით კარი მშრალად შეგვენახა და კონტრშეტევას დავლოდებოდით. დაცვაში გარკვეული ხარვეზების გამო მივიღეთ გოლი, თუმცა მეტოქის შეცდომით ვისარგებლეთ და ჩვენც მალევე ვუპასუხეთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, “დინამო” აშკარად მოსაგებად წამოვიდოდა, თავს კარგად ვიცავდით და მე-2 გოლი უფრო მეტად ერთი ცალკეული ფეხბურთელის ოსტატობა იყო, ვიდრე გუნდური. ბოლოს დასაკარგი აღარაფერი აღარ გვქონდა, შევუტიეთ, საკმაოდ ნაყოფიერადაც, ბურთიც შევაგდეთ და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა და ყველა წესით დაცვით გატანილი გოლი გააუქმა. გამეორებაზე ეს კარგად გამოჩნდა”.
ვიქტორ დემიდოვის შედეგებზე
“ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო თავის დროზე ამ ადამიანის გაშვება “კოლხეთიდან”. მან წინა სეზონში ნაყოფიერი სამუშაო გასწია, ყველა გუნდს და ფეხბურთელს საკმაოდ კარგად იცნობდა და საინტერესო იდეებიც ჰქონდა. მოხარული ვარ მისი დაბრუნებით, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ელიტაში დარჩენაა და დემიდოვის წვლილი ამაში უდიდესი იქნება. ალბათ, ხალხმა ნახა თუ როგორ გამოვასწორეთ თამაში და შეგვიძლია ყველა გუნდს გავუწიოთ ღირსეული წინააღმდეგობა”.
პარკი არენაზე – ფოთში დაბრუნება
“ფეხბურთში და განსაკუთრებით, ჩვენთან, გულშემატკივარი დიდ როლს თამაშობს. სულ სხვა მუხტით და შემართებით გადიხარ მოედანზე, როდესაც ხალხი სტადიონზე მოდის და ბოლომდე გგულშემატკივრობს. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ მატჩებში სასურველ შედეგს მივაღწევთ და ჩემპიონატში დავრჩებით”.
კაპიტნობაზე/დაინტერესებაზე
“გეთანხმებით, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მხვდა წილად ასეთი დიდი ისტორიის გუნდის კაპიტნობა და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც მენდო და ჩათვალა, კაპიტნის სამკლაური ჩემთვის გადმოეცა. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, წინასწარ საუბარი არ მსურს, რამდენიმე გუნდი იყო დაინტერესებული, თუმცა ჯერ მთლიანად “კოლხეთზე” ვარ ფოკუსირებული და ყველას ასე ძალიან გვსურს, “კოლხეთის” ისტორია კვლავ ეროვნულ ლიგაში გაგრძელდეს”.
21 წლის ლუკა იმნაძე დღეს “კოლხეთის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მასზე დარჩენილი შეხვედრების განმავლობაში უამრავი რამ იქნება დამოკიდებული. “კოლხეთი” 12 ქულით ბოლო ადგილზეა და სფფ-ს მიერ 6 ქულა აქვს დაკლებული.