“მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემთან” უშანსოდ დამარცხდა (ვიდეო)
“მანჩსტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება – ამჯერად “წითელი ეშმაკუნები” “ვესტ ჰემთან” დამარცხდნენ. რასაკვირველია, ეს შედეგი კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს ჟოზე მოურინიოზე, რომელსაც ისედაც ბევრი მტერი ჰყავს.
მატჩში ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე გაიხსნა, როდესაც პაბლო ზაბალეტას პასი შესაფერისად გამოიყენა ფელიპე ანდერსონმა. ტაიმის მიწურულმა კი ლონდონელთა ზეწოლამ შედეგი კიდევ ერთხელ გამოიღო და ლინდელოფმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი – 0:2.
შეხვედრის მეორე ნახევარი სტუმრებმა უფრო წარმატებულად და ცოცხლად ჩაატარეს. 71-ე წუთზე რეშფორდმა ერთი გოლიც კი გაქვითა, თუმცაღა სამიოდე წუთში არნაუტოვიჩმა “იუნაიტედს” ყველა ოცნება მოუკლა – 1:3.
შვიდ მატჩში დაგროვებული 10 ქულით “იუნაიტედი” ჯერჯერობით მერვე პოზიციას იკავებს, “ვესტ ჰემს” კი 7 ქულა აქვს და მეთორმეტეა. მომდევნო ტურში ჟოზე მოურინიოს გუნდი “ნიუკასლს” მიიღებს, “ჩაქუჩები” კი “ბრაიტონთან” მოსინჯავენ ძალებს.