ანჩელოტი “ლივერპულთან” მატჩის მსაჯად კაშაის დანიშვნით უკმაყოფილოა
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ლივერპულთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შეხვედრის მთავარ არბიტრად ვიქტორ კაშაის დანიშვნის გამო უკმაყოფილება გამოხატა.
იტალიელ სპეციალისტს უნგრელ მსაჯთან არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებს. ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალთან” დამარცხების (2:4) შემდეგ იმხანად “ბაიერნის” თავკაცმა კაშაი ღიად გააკრიტიკა. იმ შეხვედრაში არბიტრმა მეკარესთან ერთი ერთზე გასულ რობერტ ლევანდოვსკის შეცდომით თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა, კრიშტიანუ რონალდუს ოფსაიდიდან გოლი ჩაუთვალა და არტურო ვიდალი მოედნიდან არასამართლიანად გააძევა.
“კაშაი ცუდ მოგონებებს მახსენებს. მიკვირს, რომ მატჩზე ეს მსაჯი დანიშნეს. ამბობენ, დრო ყველაფერის მკურნალიაო, მაგრამ მას შემდეგ ძალიან ცოტა ხანი გავიდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Italia.
“ნაპოლისა” და “ლივერპულს” შორის “სან პაოლოზე” ხვალ, ოთხშაბათს გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.