“საუბარი არ მინდა!” – გვარდიოლა “ჰოფენჰაიმთან” მატჩის შემდეგ
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა “ჰოფენჰაიმთან” გამართული მატჩის შემდეგ მსაჯებზე გაბრაზებული იყო, თუმცა მათზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
“მანჩესტერ სიტიმ” “ჰოფენჰაიმი” სტუმრად 2:1 დაამარცხა. მსაჯებმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძელთა მეკარემ საკუთარ საჯარიმოში ლეროი სანე წააქცია, არბიტრმა კი პენალტი არ დანიშნა.
“პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, დღეს აღარ უნდა წაგვეგო. ძალიან რთული მატჩი გამოდგა და გამარჯვება ბოლო წუთებში გატანილი გოლით მოვიპოვეთ. გერმანიაში მოგება ყოველთვის რთულია. დღეს ყველაფრის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში, ამიტომაც შედეგით კმაყოფილები ვართ.
მსაჯებზე საუბარი არ მინდა, რადგან მომდევნო მატჩში ისევ სათადარიგოთა სკამთან ყოფნა და იქიდან ჩემი მოთამაშეებისათვის მითითებების მიცემა მსურს. ვიცით, რაც მოხდა “მონაკოსთან” მატჩში, რა მოხდა “ლივერპულთან” მეოთხედფინალში. საუბარი არ მინდა, საუბარი არ მინდა, საუბარი არ მინდა!” – განაცხადა გვარდიოლამ.