გიორგი ლორია: “უსამართლოდ მომექცნენ, როგორ შეიძლება ფეხბურთელს ეს 31 აგვისტოს უთხრა?”
საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, გიორგი ლორიამ, რომელიც ბოლო დროს უკლუბოდ დარჩა, მის მომავალზე ისაუბრა და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც “კრილია სოვეტოვმა” მიიღო.
“ბევრი მიცნობს, ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ პერიოდში, ნოემბერში და დეკემბერში მეკარის ტრანფერი პრაქტიკულად გამორიცხულია იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე. მეკარე ძალიან სპეფიციური თემაა, ვიღაცამ ტრავმა უნდა მიიღოს, უცებ დასჭირდეს კლუბს და რთული მდგომარეობა შეექმნას. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებ, რამდენიმე გუნდთან არის საუბრები და იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.”
“მე მაგალითად რატომ წავედი “ანჟიში”, რადგან პირველ ლიგაში არ მეთამაშა. პრემიერ ლიგაში 3 ლეგიონერის ყოლის უფლება გაქვს. ბოლო 4 წელიწადი ერთადერთი ლეგიონერი მეკარე ვიყავი უმაღლეს ლიგაში. წავედი განათხოვრებით, მოლაპარაკებები იყო, შევთანხმდით, თუ გუნდი დაბრუნებას შეძლებდა, მეც დავბრუნდებოდი. აგვისტოში შეიცვალა ხელმძღვანელობა, მოვიდა ახალი ადამიანი თავისი სტაფით, მას ერჩივნა წინ მეტი ლეგიონერი, თუმცა უსამართლოდ ნამდვილად მომექცნენ, როგორ შეგიძლია ფეხბურთელს 31 აგვისტოს დაელაპარაკო ამ ყველაფერზე?”, – განაცხადა ლორიამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული რეგულაციების გამო, თუნდაც, საქართველოს ჩემპიონატში თამაშს მიმდინარე სეზონში ვერ შეძლებს.
გიორგი ლორია “ანჟისგან” დავალიანების გადახდას ითხოვს, რომელიც თითქმის 100 ათას ლარს შეადგენს. მის გარეშე მოასპარეზე “კრილიას” კი 10 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და 14 გოლი მიღებული, რაც ერთ-ერთი უარესი მაჩვენებელია.