ეროვნულ ლიგაში ყველაფერი ხდება – ძაღლი, 3 წითელი, კვასხვაძის სერია და “დინამოს” მარტივი მოგება
ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ყველაზე მარტივი გამარჯვება თბილისის “დინამომ” მოიპოვა. კახი კაჭარავას გუნდმა 0-3 დაამარცხა “რუსთავი” და “საბურთალოსთან” სხვაობა ისევ 5 ქულამდე შეამცირა. დუბლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა, ერთიც შულაიამ შეაგდო. სწორედ შულაიასთან ორთაბრძოლაში ორჯერ უხეშად დაჯარიმდა ნიგერიელი მარცხენა მცველი რაფაელ ჩუკურა და მსაჯმა ის 67-ე წუთზე გააძევა, როცა ანგარიში 0-2 იყო. “რუსთავმა” შეტევა სცადა, თუმცა სიკაჩის კარის აღება პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა 10-კაციანი “რუსთავისთვის” და თბილისელებმა მარტივი 3 ქულა აიღეს. სოსიაშვილს განაცხადში მარჯვენა მცველი ღონღაძე, ცენტრალური მცველი კილასონია და შემტევი თემურ ჩოგაძე არ ჰყავდა და შესაძლოა, ამ ფეხბურთელებმა რუსთავის რიგები უკვე დატოვეს.
ბოლო და ალბათ ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე უხეში მატჩი “დილასა” და “ტორპედოს” შორის ძაღლის მოედანზე შესვლამ გაამხიარულა. ძაღლი 3 წუთის განმავლობაში უპრობლემოდ და თავისუფლად დარბოდა მოედანზე, 700-წუთიან მშრალი სერიის ავტორს, როინ კვასხვაძეს წაეთამაშა, შემდეგ დავით ხურცილავამ კი ცუგა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიდან დიდი პატივით გააცილა. მანამდე, 33-ე წუთზე გიორგი გადრანი და მილოშ ლაჩნი ერთმანეთს საჯარიმოში პოზიციისთვის შეერკინენ და ბოლოს რამდენჯერმე ხელიც მოიქნიეს. ჯენერი ხორავამ ორივე გააძევა, თუმცა დარჩენილ დროშიც შეეძლო არბიტრს რამდენიმე მოთამაშის გაგდება.
28 ტურის შემდეგ “ტორპედოსა” და “დილას” შორის სხვაობა ისევ 4 ქულა და ქუთათურების მიერ ჩატარებული 2-ით ნაკლები შეხვედრაა. მე-4 ადგილზე მყოფ “ჩიხურას” 47 ქულა აქვს და ორივე კლუბთან 2-2 ქულიანი ჩამორჩენა-უპირატესობა გააჩნია. მე-4 წრე ყველაზე საინტერესო და დაძაბულის მოლოდინს ტოვებს.
რუსთავი 0-3 დინამო
გოლები: შულაია 31, ზივზივაძე 45/80
რუსთავი: სეფიაშვილი – ხუბუტია (სილაგაძე 65), გუბულოვი, გადრანი, ჩუკურა – პაპავა, ქავთარაძე (ლობჟანიძე 79), კირკიტაძე, ციცქიშვილი, კვარაცხელია – მარცვალაძე (თარხნიშვილი 71)
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
დინამო: სიკაჩი – რუხაია (ივანიშვილი 75), თოთაძე, ლოჩოშვილი (ხარაბაძე 38), კობოური – ნინუა, ივანისენია, კუცია (ქოჩლაძე 78), შენგელია, შუალაი – ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
ყვითელი ბარათები: გუბულოვი 61, ჩუკურა 63 – რუხაია 27, კუცია 55, ივანისენია 56
წითელი ბარათი: ჩუკურა 67
დილა 0-0 ტორპედო
დილა: გუგეშაშვილი – გრიგალაშვილი, გადრანი, სანტოსი, სუხიაშვილი – გოგუა (რაზმაძე 86), ნონიკაშვილი, ნონდი (ჩადუნელი 36), კორიფაძე, რიბეირო – ჯუფი (ქავთარაძე 76)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
ტორპედო: კვასხვაძე – ხურცილავა, აზაცკი, კობახიძე, მარინი – ჰლინკა (გიგაური 57), ცინცაძე (კუხიანიძე 84), ქიმაძე (კაპანაძე 76), კუტალია, დაფე – ლაჩნი
მთავარი მწვრთნელი: კახი ჩხეტიანი
ყვითელი ბარათები; გრიგალაშვილი 41, გოგუა 43 – მარინი 45, აზაცკი 68
წითელი ბარათები: გადრანი 34 – ლაჩნი 33