ჟულიო სეზარი: “ჰანდანოვიჩს საუკეთესო მეკარეთა სამეულში შესვლა შეუძლია”
მილანის “ინტერის” ყოფილმა კიპერმა ჟულიო სეზარმა “ნერაძურის” ამჟამინდელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის შესახებ ისაუბრა და მისი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასა.
“ჩემი აზრით, სამირი ძალიან, ძალიან ძლიერი მეკარეა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების კარგი საშუალება მიეცემა. ევროპული პრიზმა ოდნავ განსხვავებულ სურათს გაძლევს, ვიდრე მხოლოდ სერია А-ში თამაში. თუ ჰანდანოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე იმავეს გაიმეორებს, რასაც იტალიის ჩემპიონატში აკეთებს, მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში ან თუნდაც სამეულში შესვლა შეეძლება”, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა გამოცემა GdS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბრაზილიელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე “ინტერის” გამოსვლის შესახებაც ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მილანელებმა პირველ ტურში შინ “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი გასვლაზე “პეესვე ეინდჰოვენს” მოუგეს (2:1) და ახლა B ჯგუფს “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობენ.
“გუნდი ძალიან კარგად თამაშობს: ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში მოპოვებული ორი გამარჯვება გუნდს მოედანზე უფრო მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორედ ახლა იწყება. ბიჭებს ორი ურთულესი დაპირისპირება ელით, თუმცა მე მათი მჯერა.
ვერ გეტყვით, დღევანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერია, თუ პეპ გვარდიოლას დროინდელი. ჩავის, ანდრეს ინიესტას და ნეიმარის წასვლა ბევრ კლუბს დაასუსტებდა, მაგრამ გუნდი, რომლის ღირსებასაც ლეო მესი იცავს, ყოველთვის წარმოადგენს დიდ ხიფათს”, – თქვა ჟულიო სეზარმა.