თბილისი სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს
თბილისი სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა ევროპის საბჭოს მინისტერიალს მასპინძლობს.
კონფერენციაზე უმთავრესი ყურადღება დაეთმო ადამიანთა უფლებების დაცვას და სპორტში კორუფციასთან ბრძოლას.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა ორგანიზაციის ხედვას და მისიას გაუსვა ხაზი. კოჩიანჩიჩმა აღნიშნა მისი ძირითადი საქმიანობა, რაც სპორტის მეშვეობით ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს და მიმართულია კორუფციასთან ბრძოლისაკენ.
EOC-ის პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას ასევე ესწრებიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ხორვატიის სპორტის სახელმწიფო მდივანი, წარსულში სამთო სათხილამურო სპორტის ვარსკვლავი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი იანიცა კოსტელიჩი; მინისტერიალში მონაწილეობენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
სპორტში და მის მიღმა ადამიანის უფლებების დარღვევა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სპორტულ მოძრაობაში. მინისტრებმა სპორტში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი ზომების გატარების საკითხები განიხილეს. დღის წესრიგში ასევე მნიშნელოვან საკითხად იყო წარმოდგენილი სპორტში კორუფციასთან ბრძოლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის აზრით, დღეს მსოფლიოსთვის სერიოზული გამოწვევაა ძალადობის, რასიზმის, დისკრიმინაციის, დოპინგის, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, მინისტერიალი სრულად ეხმიანება ამ სფეროში არსებულ პრობლემებს. იგი დარწმუნებულია, რომ სასურველი შედეგები საპატიო სტუმრების, დელეგატებისა და ექსპერტების აქტიური ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.
სეოკ-ის პრესსამსახური