“მილანი” იანვარში ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველს დაიმატებს
ბრაზილიური “ფლამენგოს” პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ედუარდო ბანდეირა დე მელუმ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის ნახევარმცველი ლუკას პაკეტა “მილანში” გადავა.
“ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების, მისთვის ხელფასის მომატებისა და კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების სურვილი გვქონდა, მაგრამ გვესმის, რომ ევროპაში თამაში ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა. “მილანი” დიდი ისტორიის მქონე კლუბია.
პაკეტას შეძენა დაახლოებით ათ კლუბს სურდა, თუმცა საუკეთესო წინადადებით “მილანმა” მოგვმართა, რომლის ღირსებასაც თავის დროზე კაკა იცავდა. ეს გუნდი ახლაც კარგ მდგომარეობაშია. ამ კლუბში ლეონარდო და პაოლო მალდინი მუშაობენ, რომლებმაც კარგად იციან, რას აკეთებენ. “მილანთან” შეთანხმება გვაქვს, რომლის დაცვასაც ვაპირებთ”, – ციტირებს დე მელუს სიტყვებს “ფლამენგოს” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ლუკას პაკეტას დებიუტი ამა წლის სექტემბერში შედგა. 21 წლის ფეხბურთელს “სელესაოს” რიგებში უკვე ორი მატჩი აქვს ჩატარებული.