ლაშა დვალი: “სადაც მწვრთნელი დამავალებს და საჭიროდ ჩათვლის, იქ ვითამაშებ”
ლატვიის ნაკრებთან გამართულ მატჩში, სადაც საქართველომ მეტოქე 3:0 დაამარცხა, ძირითად შემადგენლობაში სამი “საბურთალოს” აღზრდილი ფეხბურთელი ირჯებოდა. ერთ-ერთი მათგანი ლაშა დვალი იყო, რომელმაც შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
– ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები მოვიგეთ, როგორც ანდორის, ასევე ლატვიის ნაკრებებთან. აქტივს მორიგი ქულები შევმატეთ და სასიხარულოა, რომ ორი ტურით ადრე მოვახერხეთ პირველი ადგილის მოპოვება. პოზიტიური და ნაყოფიერი კვირა გამოგვივიდა, წარმატებული სვლა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ.
– საკუთარ თამაშზე რას იტყვით?
– ამპლუით მარცხენა მცველი არა ვარ, თუმცა სადაც მწვრთნელი დამავალებს და საჭიროდ ჩათვლის მზად ვარ იქ ვითამაშო. საერთო ჯამში ნორმალურად ვითამაშე. ვლადიმერ ვაისი მელაპარაკა და ვიცოდი, რომ ლატვიის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში.
– მთავარი მწვრთნელისგან რა დავალებები მიიღეთ?
– ძირითადი ყურადღება დაცვაზე უნდა გამეკეთებინა. თუ იქნებოდა შესაძლებლობა, შემდეგ ჩავრთულიყავი შეტევაში. კარგია, რომ წარმატებული სერია გავაგრძელეთ და ამჯერადაც კარი მშრალად შევინახეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
– რამ განაპირობა საქართველოს ნაკრების ბოლო დროინდელი წარმატება?
– გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული, ყველა ძალიან მონდომებული და მოტივირებულია. ბოლო პერიოდში ნაკრები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. გუნდი სწავლობს შედეგზე თამაშს. მჯერა, ერთმანეთის გვერდში დგომით, მონდომებითა და შრომით, სასურველ მიზანს მივაღწევთ.
– საქართველოს ნაკრები ასე ახლოს არასდროს ყოფილა ევროპის ჩემპიონატის საგზურთან…
– ორი მოგება გვაშორებს, რომ ძალიან დიდი სიხარული მივანიჭოთ სრულიად საქართველოს. ყველასთან შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში, ეს განვლილმა მატჩებმაც დაგვანახა. თუმცა, ვიდრე გადამწყვეტი მატჩები გვექნება, ასევე მნიშვნელოვანია ჯგუფში დარჩენილი ორივე შეხვედრა წარმატებით დავასრულოთ. ჯგუფური თამაშებიც უნდა მოვიგოთ, რათა სამომავლოდ რეიტინგში დავწინაურდეთ.
– “პოგონს” უკვე შეუერთდით?
– დიახ, უკვე გუნდთან ერთად ვარ და ვემზადები შაბათის მატჩისთვის. 19 ოქტომბერს სტუმრად “იაგელონიასთან” ვთამაშობთ, რთული მატჩი გველის.
– თუ გაქვთ-ხოლმე საუბრები კლუბის ხელმძღვანელებთან საქართველოს ნაკრების ირგვლივ?
– “პოგონის” ხელმძღვანელობა გახარებულია, რომ ნაკრების წევრი ვარ და თამაშის შესაძლებლობა მაქვს. პოლონეთში საქართველოს ნაკრებს ძლიერ და ანგარიშგასაწევ მეტოქედ თვლიან. იციან რომ ნაკრები ფაქტობრივად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.
– “პოგონი” ბოლო მატჩებია დაუმარცხებლად ასპარეზობს. წლეულს რა არის გუნდის მიზანი?
– ბოლო მატჩებია სტაბილურად ვთამაშობთ. 5 ჩატარებული შეხვედრიდან 3 მოვიგეთ, 2 შეხვედრა კი ფრედ დავასრულეთ. სეზონი რთულად დავიწყეთ, თუმცა ახლა გუნდმა ბევრად გამოასწორა, როგორც თამაშის ხარისხი, ასევე შედეგი. ამ დროისთვის მეათე ადგილზე ვართ, თუმცა გვინდა, რომ საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდეთ.
– კლუბთან კონტრაქტი როდემდე გაკავშირებთ?
– 2019 წლის ბოლომდე “პოგონს” ვეკუთვნი. პოლონეთში თამაში ჩემთვის უცხო არ არის, შევეგუე და თავს კარგად ვგრძნობ. ყველა ფეხბურთელს სურს უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში. მეც მაგისთვის ვბრძოლობ და ვშრომობ, რათა პროგრესი განვაგრძო. ამას რომ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ წასვლა მინდა, თუმცა თუ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდება და ვინმე ჩემს მიმართ ინტერეს გამოხატავს, დავფიქრდები.
– “საბურთალოზეც” გკითხავთ. ერთ-ერთ ჩვენს საუბარში თქვით, რომ მალე “საბურთალო” მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებსო. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს გუნდს ჩემპიონობისთვის?
– “საბურთალო” მთელი სეზონია ლიდერობს გათამაშებას. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრიც არაფერი დარჩა. ახლა მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, რადგან კლუბი ახლოს არის კიდევ ერთი ახალი ფურცელი დაწეროს. საქართველოს ჩემპიონატში ყოველთვის “საბურთალოს” ვგულშემატკივრობ და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ბავშვობაში “საბურთალოს” საფეხბურთო სკოლაში ბევრი კარგი მოგონებები მახსოვს, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
“საბურთალოს” ძალიან კარგი მწვრთნელები და ხელმძღვანელები ჰყავს. კლუბში სწორად მუშაობენ და ეტაპობრივად სახავენ მიზნებს. მინდა წარმატებები და წინსვლა ვუსურვო.
Fcsaburtalo