გიორგი ზარია: “თბილისურ დერბს ყოველთვის სხვა დატვირთვა აქვს”
თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა, გიორგი ზარიამ თბილისურ დერბამდე მოკლე კომენტარი გააკეთა.
“ჩემპიონატი საბოლოო ფაზაში შედის, სულ 9 თუ 10 შეხვედრა დარჩა. ჩვენი მიზანია მაქსიმუმი გავაკეთოთ და ყველა მატჩში გავიმარჯვოთ. თბილისური დერბი ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით, არ არის ეს რიგითი დაპირისპირება, სხვა დატვირთვა აქვს თბილისურ დერბს, ორმაგად უფრო მოტივირებულია დღეს ჩვენი გუნდი. “ლოკომოტივი” ძალიან კარგი, შემტევი კლუბია და ვფიქრობ, არ უნდა იყოს ადვილი თამაში”, – განაცხადა ზარიამ.
“ტრავმირებული ვიყავი, 9 თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ჯანმრთელად ვარ და ახლა ვარჯიშობ სრული დატვირთვით. სათამაშოდ 100%-ით მომზადებული ვარ”, – დასძინა ზარიამ, რომელსაც ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა.
“დინამოს” 27 ტურის შემდეგ 58 ქულა აქვს და ლიდერ “საბურთალოს” 5 ქულით და 1-ით ნაკლები მატჩით ჩამორჩება. “ლოკო” 32 ქულით მე-6 ადგილზეა და წლევანდელ სეზონში “ლოკომოტივს” ყველაფერი პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. გუნდი ვერც სამეულში შესვლას მოახერხებს და ვერც გავარდნას.