მოურინიო: “შესვენებაზე ფეხბურთელები გავამხნევე, ვუთხარი, რომ ამაზე უარესად ვერ ვითამაშებდით”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბორნმუთთან” შემოტრიალებული მატჩის (1-2) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და განმარტა, თუ რამ განაპირობა მსგავსი შედეგი.
“პირველ ტაიმში საშინლად ვითამაშეთ, ნამდვილი კატასტროფა იყო. ვფიქრობდი, რომ ყველაზე იღბლიანი კაცი ვიყავი, ტაიმი 1-1 რომ დასრულდა და არა 5-2 ან 6-2. დაცვაში საშინელი იყო მთელი გუნდი, არადა ამ თამაშისთვის მთელი კვირა ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით.
შესვენებაზე საკმაოდ სერიოზულად ვესაუბრე მოთამაშეებს, მაგრამ მშვიდი ტონით. პოზიტიურად დავიწყე, ისინი გავამხნევე, ვუთხარი, რომ ამაზე ცუდად ვერ ვითამაშებდით, ასე რომ, მეორე ტაიმი უკეთესი იქნებოდა.
საბოლოოდ, შეხვედრის მეორე ნახევარი ჩვენი კარნახით წარიმართა, არაერთი შანსი შევქმენით და აგრესიულ ფეხბურთს ვაჩვენებდით. ვფიქრობ, ბოლო წამებზე დამსახურებულად გავიმარჯვეთ,” – აცხადებს მოურინიო.