ხამესს “რეალში” დაბრუნება სურს
ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს მადრიდის “რეალში” სურს დაბრუნება. კოლუმბიელი ფეხბურთელი ბავარიულ გუნდში იჯარის წესით მეორე სეზონს ატარებს, ზაფხულში გერმანელებს 42 მილიონ ევროდ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მიეცემათ.
27 წლის ნახევარმცველს “ბაიერნის” თავკაც ნიკო კოვაჩთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს. ხამესს გუნდში ხორვატი სპეციალისტის მიერ დანერგილი სათამაშო სტილი არ მოსწონს და ზაფხულში ნავსაყუდელის შეცვლას იმედოვნებს.
“ბაიერნს” ხამეს როდრიგესის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება “რეალისა” და თავად ფეხბურთელის ნებართვის გარეშეც აქვს. არ არის გამორიცხული, ბავარიელებმა კოლუმბიელი ფეხბურთელი გაიფორმონ, შემდეგ კი თავად დააყენონ ის ტრანსფერზე. ხამეს როდრიგესის მიმართ არაერთი წამყვანი კლუბი იჩენს ინტერესს, რომელთა შორის ტურინის “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან.
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესს მუხლის ტრავმა აწუხებს და მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ მოახერხებს.