ჩრდილო ლონდონური დერბი უხვგოლიან თრილერად იქცა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა – საუბარია ჩრდილო ლონდონურ დერბიზე, რომელსაც ორივე გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა. დერბი საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა, გამარჯვება კი, ამჯერად, “მეთოფეებს” დარჩათ.
მას შემდეგ, რაც “ტოტენჰემმა” წაუგებელი “ჩელსი” საკმაოდ ადვილად დაამარცხა, ამ მატჩის ფავორიტად სპეციალისტთა უმრავლესობა მაურისიო პოჩეტინოს გუნდს მიიჩნევდა. თუმცაღა, მატჩში გადამწყვეტი როლი უნაი ემერის ბიჭების ბრძოლისუნარიანობამ ითამაშა.
მატჩის ანგარიში შეხვედრის მეათე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა თერთმეტმეტრიანის მეშვეობით, რასაც ჯერ ერიკ დაიერმა უპასუხა (30′), შემდეგ კი ჰარი კეინმა დააწინაურა “სპურსი” გატანილი პენალტით.
შეხვედრის მეორე ნახევარში “მეთოფეებმა” თამაშის სადავეები იგდეს ხელთ და პრინციპულ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს – ობამეიანგი (56′), ალექსანდერ ლაკაზეტი (74′), ტორეირა (77′).
ასე რომ, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 14 ტურის შემდეგ “არსენალსა” და”ტოტენჰემს” თანაბარი 30-30 ქულა უგროვდებათ და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ სატურნირო ცხრილში.