“ბარსელონამ” “ვილიარეალი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩში კატალონიურმა “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფი “ვილიარეალი” მიიღო და დამაჯერებელი ანგარიშითაც დაამარცხა.
მატჩი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა არც მეტოქე გუნდის ფეხბურთელები იყვნენ უსაქმოდ. ანგარიში შეხვედრის 36-ე წუთზე ჟერარ პიკემ გახსნა, რითიც კიდევ უფრო გაამყარა მასპინძელთა უპირატესობა.
“ბარსელონა” ერთბურთიანი სხვაობით არ კმაყოფილდებოდა და ცდილობდა, კიდევ უფრო წინ გაჭრილიყო, რაც მხოლოდ 87-ე წუთზე გამოუვიდა, როდესაც გოლის გატანა “ბარსას” აღზრდილმა, ახალგაზრდა კარლოს ალენამ გაიტანა მესის საგოლე გადაცემის წყალობით.
ასე რომ, ამ დროისთვის ერნესტო ვალვერდეს გუნდი პირველ ადგილს დაუბრუნდა, თუმცაღა “სევილიას” “ალავესთან” აქვს სათამაშო და შესაძლოა, კვლავ გადაასწროს “ბლაუგრანას”. მომდევნო ტურში “ბარსელონა” “ესპანიოლს” ეწვევა.