გურამ თუშიშვილის სკანდალი ყაზახეთში (ვიდეო)
ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ყაზახურ ჭიდაობაში, “კაზაკშა კურესში” გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ძიუდოში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონისათვის ტურნირი სკანდალურად დასრულდა.
თუშიშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე მასპინძელთა წარმომადგენელ აიბეკ ნუგიმაროვს დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მეტოქის ერთ-ერთი გდება სუფთად შეფასდა და გამარჯვება ყაზახს დარჩა. თუშიშვილი მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, მან პროტესტის ნიშნად, ხალიჩა დატოვა და არც ნუგიმაროვსა და არც არბიტრს ხელი არ ჩამოართვა. აღსანიშნავია ისიც, რომ გურამი ბრინჯაოს მედლისათვის გასამართ შეხვედრაში არ გამოსულა.
თუშიშვილი და ნუგიმაროვი გასულ წელს ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და მაშინ გამარჯვება ყაზახმა მოჭიდავემ მოახერხა.
წელს გამართული ტურნირის გამარჯვებულს 10 მილიონი ყაზახური ტენგე გადაეცა, რაც დაახლოებით 72 000 ლარია. ვერცხლის მედალოსანს 6 მილიონი ტენგე (დაახლოებით 43000 ლარი), ხოლო ბრინჯაოს მფლობელს – 3 მილიონი ტენგე (21500 ლარი) ერგო.