პოლ ინსი: “პოგბა საშუალო დონის ნახევარმცველია, ლუკაკუ კი უსარგებლოა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ ინსმა პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა. ინსმა მხარი დაუჭირა მოურინიოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ეს წყვილი “არსენალთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.
“როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედს” ვეხები, ყოველთვის პოგბასა და ლუკაკუზე მიწევს საუბარი და უკვე ყელში ამომივიდა. “არსენალთან” მატჩში “იუნაიტედი” ამაღელვებელ ფეხბურთს თამაშობდა მანამ, სანამ ამ ორმა ფეხბურთელმა მოედანზე ფეხი შეაბიჯა.
მოურინიომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პოგბა და ლუკაკუ სკამზე დატოვა – ისინი საკმარისად ძლიერები არ არიან. ახლა მოუსთვის მთავარი ისაა, გამოიყვანს თუ არა იგივე შემადგენლობას “ფულჰემთან” მატჩში.
ლუკაკუს გოლები ვეღარ გააქვს და შესაბამისად ის გუნდისთვისაც უსარგებლოა. რაც შეეხება პოგბას, ის მსოფლიო დონის ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ახლა საშუალო დონის ნახევარმცველია. მერვე ადგილზე იმყოფებიან, რაც დამამცირებელია, რამე უნდა შეიცვალოს,” – აცხადებს პოლ ინსი.