“მილანი” ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩა (ვიდეო)
14 დეკემბერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. F ჯგუფში “ოლიმპიაკოსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო. ბერძნულ კლუბს 1/16-ფინალში გასასვლელად და “მილანის” ჯგუფში ჩასატოვებლად ორბურთიანი სხვაობით მოგება ჭირდებოდა, რაც გამოუვიდა – “ოლიმპიაკოსმა” “როსონერი” 3:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-60 წუთზე სისემ გახსნა. 69-ე წუთზე კრისტიან ზაპატამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და “ოლიმპიაკოსმა” ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 71-ე წუთზე ზაპატამ შეცდომა გამოასწორა და ამჯერად გოლი მეტოქის კარში გაიტანა – 2:1. მე-80 წუთზე მასპინძლები კუთხურს აწვდიდინენ, მოულოდნელად, არბიტრმა საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ფორტუნისმა ზუსტად შეასრულა – 3:1.
F ჯგუფში პირველი ადგილი 12 ქულით “ბეტისმა” დაიკავა, მეორე ადგილზე 10 ქულით “ოლიმპიაკოსი” გავიდა, “მილანი” 10 ქულით მესამე პოზიციას დასჯერდა, ბოლო ადგილი კი ლევან ყენიას “დუნდელაჟს” (1 ქულა) ერგო.