“წარმატებები ჩემო მეგობარო” – ხომუტოვმა “გაგრა” კირკიტაძეს გადააბარა
საფეხბურთო კლუბი “გაგრა” უკრაინელმა სპეციალისტმა, დენის ხომუტოვმა დატოვა და გუნდი გაგა კირკიტაძემ ჩაიბარა.
გაგა “გაგრას” აღზრდილია. ამ კლუბში დაიწყო მისი როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერა. გასულ სეზონში გაგა უკრაინელი სპეციალისტის, დენის ხომუტოვის ასისტენტი გახლდათ.
კირკიტაძე “გაგრაში” ფეხბურთელის ამპლუაში 2004-2007 წლებში თამაშობდა. შემდეგ იყო სხვა კლუბებიც, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, 2009 წელს კლუბში მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. აღნიშნულ სეზონში გაგა, პაატა გოცირიძის ასისტენტი გახლდათ.
მისთვის არც მთავარი მწვრთნელის რანგია უცხო. მან გუნდს პირველი ლიგის, 2015-2016 წლების სეზონში უხელმძღვანელა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დენის ხომუტოვს გაგრაში გაწეული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ გაგრამ წინ ის ნაბიჯი გადადგას, რომელიც წელს ვერ შევძელით. ბევრმა ძლიერმა ფეხბურთელმა დაგვტოვა და მინდა მათ წარმატება ვუსურვო.” – განაცხადა გაგა კირკიტაძემ.
“წარმატებები ჩემო მეგობარო” – ხომუტოვი კირკიტაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა.
“გაგრა” გასულ სეზონში თასის ფინალში გავიდა, ეროვნული ლიგა 2-ში მე-3 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ბოლნისის “სიონთან” გამოვარდა.