საყვარელი ძიუდოისტი, მუსიკა, ფილმი – გურამ თუშიშვილის ინტერვიუ “ევროსპორტთან”
ცნობილმა ევროპულმა სპორტულმა სატელევიზიო არხმა ევროსპორტმა გურამ თუშიშვილის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. ქართველმა ძიუდოისტმა მუსიკაზე, ფილმზე, საყვარელ ძიუდოისტსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
ძიუდოს დასაწყისი:
“ძიუდოზე ვარჯიში 10 წლის ასაკში დავიწყე. ენერგიული ბავშვი ვიყავი, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ძიუდოთი დავკავებულიყავი. ჩემი მთელი ოჯახი ძიუდოში იყო ჩართული და ჩემთვის ეს ოჯახური ტრადიციის გაგრძელებას ნიშნავდა. მოგვიანებით, ძიუდო ჩემთვის ყველაფერი გახდა და ვარჯიში როგორც პროფესიონალმა, ისე გავაგრძელე.”
საყვარელი გდება:
“ჩემი საყვარელი გდება “დროპ სეოი ნაგეა”. ამ გდებაზე ჩემი მასწავლებელი ბავშვობიდანვე მავარჯიშებდა. ვფიქრობ, მძიმე წონაში ამ ილეთის გაკეთება წარმატებულად გამომდის.”
ნე-ვაზა:
“ნე-ვაზაში ჭიდაობა დაგეგმილი არ მაქვს. ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ვცდილობ, მეტოქე მტკივნეულ ილეთზე გადავიყვანო.”
სასიამოვნო მოგონება:
“ჩემი ყველაზე სასიამოვნო მოგონება ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ძალიან ბედნიერი ვიყავი ოქროს მედლის მოპოვებით. ეს ემოციები არასოდეს დამავიწყდება. ქართველი გულშემატკივრები მქომაგობდნენ, ისინი დროშებს აფრიალებდნენ. ეს დაუვიწყარი მომენტი იყო.”
მუსიკა:
“ზოგადად, მუსიკა ძალიან მიყვარს, თუმცა რომელიმე გამორჩეული ჟანრი არ მაქვს. მომწონს ქართული ხალხური სიმღერები, რომლებსაც შეჯიბრების წინ ვუსმენ.”
ფილმი:
“ჩემი საყვარელი ფილმი ტერმინატორია. არა… გლადიატორი.”
კერძი:
“ჩემთვის ნებისმიერი ქართული ტრადიციული კერძი საყვარელია. მათ დიდი სიამოვნებით მივირთმევ.”
დამალული ნიჭი:
“ჩემი ნიჭი ფეხბურთს უკავშირდება. ვფიქრობ, ნორმალურად ვთამაშობ.”
გამორჩეული ძიუდოისტი:
“ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ძიუდოისტი ჩემი მეგობარი, ბექა ღვინიაშვილია. მე ყოველთვის ვუყურებ მის ტექნიკას, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. ის ძალიან ეფექტურ გდებებს აკეთებს.”
მისაბაძი ადამიანები:
“ჩემთვის მისაბაძი ადამიანები ჩემი მშობლები არიან.”
კარიერის დასრულების შემდეგ:
“კარიერის დასრულების შემდეგ სპორტში დავრჩები და შევეცდები, ჩემი გამოცდილება ჩემი ქვეყნის მომავალ ძიუდოისტებს გავუზიარო.”
რატომ ძიუდო?
“ძიუდო ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს სპორტი ბევრ კარგ მოგონებას უკავშირდება. რომ არა ძიუდო, დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ.”