ბურთის მომტანი ბიჭები, რომლებიც ფეხბურთის ვარსკვლავები გახდნენ (ფოტო)
მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა, ბრაჰიმ დიასმა სოციალურ ქსელში მისი ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ისკოსთან და კასორლასთან ერთად იყო დაფიქსირებული. დიასი მაშინ “მალაგაში” ბურთის მომტანი ბიჭი იყო, ახლა კი ისკოს თანაგუნდელი გახდა.
გავიხსენოთ ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებიც თავის დროზე ბურთის მომტანი ბიჭები იყვნენ:
რაული
რაული მადრიდის “რეალის” ლეგენდაა, თუმცა მას ორი წელი მადრიდის “ატლეტიკოს” აკადემიაში აქვს გატარებული. ამ ფოტოზე ის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ მანოლოსთან ერთადაა.
უესლი სნეიდერი
სნეიდერი “აიაქსის” აკადემიას 1991 წელს შეუერთდა, როცა ის მხოლოდ შვიდი წლის იყო. ფოტო ფრენკ რაიკაარდთან ერთად.
კარლოს ტევესი
“ბოკა ხუნიორსის” პირველ გუნდში კარლოს ტევესის დებიუტი 2001 წელს შედგა. იქამდე, ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. ბავშვობაში მან ფოტო ხუან რომან რიკელმესთან ერთად გადაიღო.
მატეო კოვაჩიჩი
ალბათ, ამ ფოტოზე გამოსახული პატარა ბიჭი მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მომავალში გუნდურ ტიტულებში ჯერარდზე მეტ წარმატებას მიაღწევდა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელი ვარსკვლავის ყურადღების მიქცევას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოსდის…
იაგო ასპასი
“სელტასა” და “რომას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას იაგო ასპასი ბურთის მომტანი ბიჭი იყო. დღეს მას თავისუფლად შეგვიძლია “სელტას” ლეგენდა დავუძახოთ.
არდა თურანი
2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებულ კადრში გახარებული არდა თურანი ჩანს, რომელიც “გალათასარაის” გოლს აღნიშნავს.
ალვარო მორატა
რაულის მსგავსად, “რეალში” გადასვლამდე მორატამ რამდენიმე წელი “ატლეტიკოს” აკადემიაში გაატარა. ფოტოზე ის მის თანატოლებთან და კამერუნელ მეკარე კამენისთან ერთადაა დაფიქსირებული.
პეპ გვარდიოლა
პეპ გვარდიოლა ბავშვობიდანვე “ბარსელონას” დიდი ფანი იყო. პირველ ფოტოზე ის ვიქტორ მუნიოსთან ერთადაა დაფიქსირებული, მეორე ფოტოზე კი ჩანს, რომ გვარდიოლა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ტერი ბენეიბლს ტაშს უკრავს.
2017 წელს, გვარდიოლამ გარი ლინეკერს ინტერვიუს დროს ძველი ამბავი გაუხსენა: “იცი, როცა შენ “ბარსელონაში” თამაშობდი, მე ბურთის მომტანი ბიჭი ვიყავი? როცა იქ თამაშობდი, მე ბურთებს გაწვდიდი, არ გახსოვს? შესაძლოა, ამის თქმა სწორი არ არის, მაგრამ გეტყვი – ყველა მატჩის დასრულების შემდეგ მაისურს გთხოვდი, შენ კი მას არასოდეს მჩუქნიდი.”