დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 იანვარი
“ბარსელონა” მორატას იჯარით დამატებას განიხილავს
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” “ჩელსიდან” ალვარო მორატას იჯარით დამატების საკითხს განიხილავს.
ცნობილია, რომ მორატას ლონდონური გუნდის დატოვება სურს. ასევე, მისი შეძენის სურვილს მადრიდის “ატლეტიკო” გამოთქვამს.
ისკო “იუვენტუსში”?
იტალიური მედიის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” ისკოს ტრანსფერთან დაკავშირებით დაუკავშირდა.
ყველასათვის ცნობილია, რომ ისკოს ბოლო თვეებში მადრიდში საქმე კარგად არ მისდის. ამავდროულად, მას მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.
“ტორპედომ” რიჩარდ ლუკა დაიმატა – ნეიმარის მეგობარი საქართველოში (ფოტო)
ქუთაისის “ტორპედომ” 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, რიჩარდ ლუკა დაიმატა. იმერული კლუბის ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა, სავარჯიშო პროცესს კი ხვალ შეუერთდება.
ქუთაისურმა კლუბმა მექსიკურ “ტიგრესთან” შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი ფეხბურთელი “ტორპედოში” 1-წლიანი იჯარით ითამაშებს.
რიჩარდ ლუკა 2016 წელს ბრაზილიური “გოიასის” ღირსებას იცავდა, საიდანაც “სანტოსის” 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა.
ლუკა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია. მას Instagram-ში 53 000-მდე გამომწერი ჰყავს და როგორც ფოტოებიდან ჩანს, მას ნეიმართან ახლო ურთიერთობა აქვს.
“იუვენტუსს” პოგბას დაბრუნება სურს
ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულში პოგბას შეძენას შეეცდება. ცნობილია, რომ ფრანგი ნახევარმცველი ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობას კვლავაც ინარჩუნებს, რამაც შესაძლოა, ტრანსფერს ხელი შეუწყოს.
არ არის გამორიცხული, მანჩესტერულმა კლუბმა ტურინელებს ბარტერი შეთავაზოს, რაც დუგლას კოშტას “იუნაიტედში” გადაბარგებას გულისხმობს.