პოგბა: “ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებთ, რაც მოურინიოსთან რთული მისაღწევი იყო”
ულე გუნარ სულშერის “მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი რეალური გამოცდა წარმატებით შეასრულა და “ტოტენჰემის” გასვლაზე დამარცხება შეძლო. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლ პოგბამ ამ შეხვედრის შემდეგ შიდა სამზარეულოზეც ისაუბრა.
“ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებთ, მოურინიოს დროს ეს რთული მისაღწევი იყო, მისი თამაშის სტილისგან გამომდინარე. შემტევი ფეხბურთის თამაში მიყვარს, მომწონს, როდესაც მაღალ პრესინგზე ვთამაშობთ.
ვიცი და ვგრძნობ, რომ მატიჩი და ერერა ზურგს მიმაგრებენ, თავს გაცილებით უფრო მშვიდად ვგრძნობ და შემიძლია, რომ თავისუფლად ვიფიქრო შეტევაზე.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენ ძალიან ბევრი ვივარჯიშეთ ამ მატჩამდე. დამუშავებული გვქონდა “ტოტენჰემის” შეტევის სტილი და ვეცადეთ საპირისპირო ფლანგიდან შეგვეტია, რამაც გაამართლა.
რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულებაა,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.