დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 იანვარი
ოფიციალურად: კევინ-პრინს ბოატენგი “ბარსელონას” ფეხბურთელია
კატალონიის “ბარსელონამ” “სასუოლოდან” იჯარით კევინ-პრინს ბოატენგი დაიმატა.
31 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, კატალონიურ კლუბს კი მისი სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ შეეძლება.
შეგახსენებთ, განელი ფეხბურთელი ამჟამად “სასუოლოს” ღირსებას იცავს.
კოუტინიო “ჩელსიში”?
Express-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენა სურს. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან ბრაზილიელ ფეხბურთელში 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.
მარსიალი და “მანჩესტერ იუნაიტედი” ახალ კონტრაქტს უახლოვდებიან
ESPN-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ანტონი მარსიალი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.
ფრანგმა თავდამსხმელმა ზაფხულში კონტრაქტის გახანგძლივებაზე უარი თქვა, თუმცა მან ახლა აზრი შეიცვალა.
“დინამო”: გიორგი კუხიანიძე “ტორპედოდან”, ლაშა თოთაძე ირანში წავიდა
თბილისის “დინამოში” სეზონის დაწყების წინ დიდი სიახლეებია და კლუბს ბევრი ფეხბურთელი შეუერთდა, ბევრიც წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი კუხიანიძე “დინამოში” გადავიდა და რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
გასულ სეზონში კუხიანიძეს პრაქტიკულად აღარ უწევდა თამაში და “დინამოში” გადასვლა ამჯობინა, სადაც კიდევ ერთი ყოფილი ტორპედოელი, ლევან კუტალია დახვდა.
თბილისელთა კაპიტანი, 30 წლის ლაშა თოთაძე კარიერას ირანში, ირანული პრო ლიგის “ნასაჯი მაზანდარანაში” გააგრძელებს. თოთა უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებს.
“ნასაჯი” 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზე იმყოფება და ლაშა ერთადერთი ლეგიონერი იქნება, სხვა ყველა დანარჩენი მოთამაშე ირანელია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბოლნისის “სიონის” ცენტრალური მცველი, ლუკა ნოზაძეც ირანში, კერძოდ, “სეპიდუდ რაშტში” გადაბარგდა.
იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა
მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.
მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.
მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.