გეგა გეგეშიძემ საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ 11 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში (87 კგ.) ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი დაუპირისპირდნენ. დათუნაშვილმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა. სპორტის სასახლეში ჩხუბი დაიწყო. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს საგანს ურტყამს.
თავად ფედერაციის პრეზიდენტი ტელეკომპანია იმედთან საუბარში უარყოფს, რომ მან დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა და ამბობს, რომ ის ამ ინციდენტის გამო პოსტის დატოვებას არ აპირებს.
“რომ გითხრათ ჩხუბი იყო, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არავის დაუნახავს და პირადად, მეც არ დამინახავს. ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი ამბობს, რომ დავჭერი. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ, რა მოხდა. ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს. მე პირდაპირ ვიძახი, არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია”, – უთხრა გეგეშიძემ ქრონიკის ჟურნალისტს.
აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი სამართალდამცავებთან თანამშრომლობას არ აპირებს. ის საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა. სამართალდამცავებმა მას სახლში მიაკითხეს, თუმცა სპორტსმენმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.