დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 იანვარი
“არსენალს” ხამეს როდრიგესი სურს
ლონდონის “არსენალს” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის შეძენა სურს. კოლუმბიელი ნახევარმცველი “ბაიერნში” მადრიდის “რეალიდან” იჯარით იმყოფება, შესაბამისად, “არსენალს” მოლაპარაკება ორ კლუბთან მოუწევს.
“ვესტ ჰემი” არნაუტოვიჩს არ უშვებს
ჩინურ კლუბებს “ვესტ ჰემის” თავდამსხმელის, მარკო არნაუტოვიჩის შეძენა სურს. ავსტრიელ ფეხბურთელს ჩინელები დიდ ხელფასს ჰპირდებიან, ამიტომაც მას გუნდის შეცვლა სურს.
მიუხედავად ამისა, “ვესტ ჰემი” არნაუტოვიჩის იანვარში გაშვებას არ გეგმავს.
ჩაკვეტაძეს “მილანიც” აკვირდება
რამდენიმე იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “მილანის” სკაუტები ბელგიაში რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებიან, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოს ნაკრების ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძეა.
იტალიელთა ცნობით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება.
“იუვენტუსი” მატეო დარმიანის შეძენას შეეცდება
ტურინის “იუვენტუსი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედის” განაპირა მცველის, მატეო დარმიანის შეძენას შეეცდება.
შესაძლოა, კლუბებს შორის შეთანხმება უახლოეს დღეებშივე შედგეს.
ეშლი კოული “დერბი ქაუნთიში” გადავიდა
ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ეშლი კოული “დერბი ქაუნთის” ღირსებას დაიცავს, რომელსაც ფრენკ ლამპარდი თავკაცობს. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება.
38 წლის კოული “დერბის” რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლოს ანჯელეს გალაქსისთან” შრომითი ხელშეკრულოება აღარ გაახანგრძლივა.
ეშლი კოული და ფრენკ ლამპარდი 2006-დან 2014 წლამდე ლონდონის “ჩელსიში” თანაგუნდელები იყვნენ.