“დილამ” ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი დაიბრუნა
ალვინ ფორტესი “დილაში” დაბრუნდა. 24 წლის ჰოლანდიელმა შემტევმა კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და გუნდში 2020 წლის ბოლომდე დარჩება.
ალვინი “დილაში” გასული სეზონის სტარტზე გამოჩნდა და ნახევარი სეზონის განმავლობაში იასპარეზა, მან 14 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.’
“აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რამოდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მისი კლუბში დაბრუნებით ნათლად დასტურდება”, – წერია გორელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ალვინ ფორტესმა კარიერა “ფეინოორდის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, იყო ასევე “ვიტესის” ასაკობრივი გუნდის წევრიც, შემდეგ კი თურქულ და ჩეხურ გუნდებში თამაშობდა, ფორტესს ასევე კაბო-ვერდეს მოქალაქეობა აქვს და ამავე ქვეყნის ნაკრების წევრია.