ემილიანო სალა: დაკარგული თვითმფრინავის წყალქვეშ ძებნა იწყება
გასულ კვირაში გაუჩინარებული თვითმფრინავის წყალქვეშ ძებნის ოპერაცია იწყება. თვითმფრინავი, რომელშიც ნანტიდან კარდიფისაკენ მიმავალი ფეხბურთელი ემილიანო სალა და პილოტი დევიდ იბოთსონი იმყოფებოდნენ, რადარებიდან ნორმანდიის კუნძულების ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
რამდენიმე დღის წინ გერსნის პოლიციამ გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა შეწყვიტა. ამის შემდეგ, მოქალაქეებმა და მათ შორის ცნობილმა ფეხბურთელებმა (კილიან მბაპე, ადრიენ რაბიო, დიმიტრი პაიე, ლორან კოშელნი და სხვები) ძებნის ოპერაციის დასაწყებად საჭირო თანხა – 300 000 ევრო შეაგროვეს.
დღეს ემილიანო სალას ოჯახის წევრები გერსნის ესტუმრნენ და ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც ბოლოს თვითმფრინავი რადარებზე ჩანდა.
ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავის წყალქვეშ ძებნის ოპერაციას კომპანია Bluewater Recoveries ჩაატარებს. ოპერაციაში მეცნიერებიც ჩაერთვებიან. დღეს კომპანიის დირექტორი დევიდ მერნსი ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, იმედი გვავს, რომ ძებნას უქმეებზე, დიდი ალბათობით კი, კვირას დავიწყებთ”, – განაცხადა მერნსიმ.