გურამ მოდებაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გურამ მოდებაძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და განმარტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
“როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დავინიშნე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა, რომელიც ფედერაციაში შეიქმნა, შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია.
რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება, როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები როგორც რიგითმა მწვრთნელმა ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ.
პატივისცემით
გურამ მოდებაძე”
გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოისტთა ნაკრების ნაწილი (“ამბოხებულები”) მოდებაძეს მთავარ მწვრთნელად არ სცნობდა და მასთან მუშაობაზე უარს აცხადებდა. დიდი ალბათობით, მთავარი მწვრთნელის პოსტს ნოდარ მეტრეველი დაიკავებს.