“მანჩესტერ სიტიმ” აგუეროს ჰეთ-ტრიკის ხარჯზე “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ტიტულისთვის მებრძოლმა “მანჩესტერ სიტიმ” “არსენალის” წინააღმდეგ დიდებული ბრძოლა გამართა.როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, რაშიც წვლილი უნაი ემერის ფრთხილ ტაქტიკასაც მიუძღვის.
ანგარიში შეხვედრის პირველივე წუთზე სერხიო აგუეროს გოლით გაიხსნა. მიღებული ცივი შხაპის შემდეგ “არსენალი” მალევე გამოვიდა შოკიდან და უკვე მე-11 წუთზე ლორან კოშელნიმ გაათანაბრა. ამის შემდეგ “მეთოფეები” უპირატესობას ფლობდნენ კიდეც, თუმცა გოლი მასპინძლებმა გაიტანეს – ტაიმის მიწურულს სერხიო აგუერომ დუბლის გაფორმება შეძლო.
ერთი შეხედვით, მეორე ტაიმში უფრო მოტივირებული და შეტევაზე ორიენტირებული “არსენალი” უნდა გვეხილა, თუმცა, ამის მაგივრად სტუმრები კვლავ ფრთხილი ფეხბურთის თამაშს ამჯობინებდნენ და შედგად არგენტინელი გოლეადორის მესამე და ბოლო გოლი მიიღეს – 3:1.
ასე რომ, “სიტიმ” “ლივერპულთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და ხვალინდელ მატჩს დაელოდება (“ვესტ ჰემი” – “ლივერპული”).