პელეგრინი: “კლოპი თამაშებს თამაშგარედან გატანილი გოლებით იგებს”
“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი “ლივერპულთან” მატჩის შემდეგ გაბრაზებული იყო და იურგენ კლოპისათვის არასასიამოვნო კომენტარიც გააკეთა.
როგორც იცით, პრემიერ ლიგის 25-ე ტურში “ვესტ ჰემი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე სადიო მანემ გახსნა. ამ ეპიზოდში, საგოლე პასის ავტორს, ჯეიმს მილნერს ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მიუვიდა, თუმცა მთავარი მსაჯის ასისტენტმა ეს ვერ დაინახა.
პელეგრინიმ კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე წლის წინ “მალაგასა” და “დორტმუნდს” შორის გამართული მატჩი გაუხსენა. მაშინ ჩილელი სპეციალისტი ესპანურ გუნდს წვრთნიდა, დორტმუნდელებს კი კლოპი ხელმძღვანელობდა. “ბორუსიამ” გადამწყვეტი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.
“კლოპი თამაშებს თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლებით იგებს. მან ასე მომიგო, როცა “მალაგას” წვრთნიდი. მაშინ გოლი 7-მეტრიანი თამაშგარიდან გაგვიტანეს – შესაბამისად, იურგენი ვერაფერზე იდავებს. დღეს ერთმეტრიანი თამაშგარე იყო და გოლიც ამის შემდეგ გავიდა. ასევე, ბოლო წუთზე გვერდითი არბიტრის თვალწინ ორიჯი ერთმეტრიან თამაშგარეში იყო და ესეც ვერ დაინახეს”, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს “ბიბისი”.