დი მარციო ადასტურებს – ჰამშიკი “ნაპოლის” ტოვებს
იტალიის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი, ჯანლუკა კი მარციო, ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “ნაპოლის” კაპიტან მარეკ ჰამშიკს იტალიური კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
დი მარციო ირწმუნება, რომ 31 წლის სლოვაკმა ფეხბურთელმა “დალიან იფანთან” უკვე შეათანხმა ტრანსფერი და ხელშეკრულება მხარეებს სამი წლით დააკავშირებს.
“დალიან იფანი” ჩინური კლუბი გახლავთ, რომელიც ჰამშიკს წელიწადში 9 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს სთავაზობს, რასაც შესაძლოა ბონუსებიც დაემატოს. “ნაპოლი” ტრანსფერში 15 მილიონ ევროს მიიღებს.
ჰამშიკი კლუბის დატოვებაზე აქამდეც ფიქრობდა, გთავაზობთ მის მიერ ივნისში გაცემულ ინტერვიუს: “მე რომ “ნაპოლი” მიყვარს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კლუბის დატოვება რომ მომიხდეს, სხვა იტალიურ კლუბში არავითარ შემთხვევაში არ გადავალ. სავარაუდოდ, ევროპულ კლუბში არც გადავიდოდი, რადგანაც არ შემიძლია, ჩემს ხალხს ვუღალატო.”