სულშერი: “კიმპემბეს გაუმართლა, რომ წითელი ბარათი არ მიიღო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ შეკითხვა პრესნელ კიმპემბეს შესახებ დაუსვეს.
როგორც იცით, პარიზელთა ცენტრალურმა მცველმა საწყის წუთებში ყვითელი ბარათი მიიღო. ასევე, მეორე ნახევარში იყო ეპიზოდი, როცა მან მარკუს რეშფორდი წააქცია, თუმცა არბიტრმა ამ მომენტში თამაშის წესების დარღვევაც კი არ დააფიქსირა. გუშინდელ შეხვედრაში პირველი გოლი სწორედ ფრანგმა მცველმა გაიტანა.
“გაუმართლა თუ არა კიმპემბეს, წითელი ბარათი რომ არ მიიღო? დიახ, ძალიან. მან მარკუს რეშფორდი ხელით წააქცია და ამ დროს ჯარიმაც კი არ დაინიშნა. ცხადია, ასეთ პატარა დეტალებზე რეაქცია გაქვს, მაგრამ ახლა აქ იმისათვის არ ვზივარ, რომ იმ თემაზე ვისაუბრო, რასაც უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს”, – ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს Goal.Com.
გუშინდელ მატჩში მოედნიდან გააძევეს პოლ პოგბა, რომელიც მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს გამოტოვებს. სულშერმა კომენტარი ფრანგ ნახევარმცველზეც გააკეთა.
“სამწუხაროა, რომ მომდევნო მატჩში პოგბა არ გვეყოლება. ის ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. მატჩის მიმდინარეობისას, მის ირგვლივ ყოველთვის სამი მეტოქე იყო. მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება”, – დაასრულა სულშერმა.