მოროზოვი: “რუსეთის ნაკრების საქართველოსთან შედარება სასაცილოა – ზელანდიას უნდა შევედაროთ”
რუსეთის რაგბის განვითარების კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და რაგბის კავშირში მომუშავე დმიტრი მოროზოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების საქართველოს ნაკრებთან შედარება სასაცილოა.
მოროზოვის აზრით, საქართველო ამ სპორტის სახეობაში რუსეთზე ცოტათი წინაა.
“საქართველოსთან შედარება უაზრობაა. ჩვენ უნდა შევედაროთ ისეთ ნაკრებებს, როგორებიც ახალი ზელანდია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა არიან. ჩვენი საქართველოსთან შედარება სასაცილოა. არ ვიცი, საიდან მოდის ეს აზრი. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ პოსტსაბჭოეთიდან ჩვენი კოლეგები რუსულად საუბრობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა რაგბისათვის ყურადღების მიქცევა ბევრად ადრე დაიწყეს, ამიტომ ისინი ჩვენზე ცოტათი წინ არიან”, – ციტირებს მოროზოვის სიტყვებს sovsport.ru.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებები ერთმანეთს სულ 22-ჯერ შეხვდნენ. აქედან “ბორჯღალოსნებმა” 20-ჯერ გაიმარჯვეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს, ერთხელ კი დამარცხდნენ.