ლევან კობიაშვილი: “არასწორად ცდილობენ ამ თემის წამოწევას”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მეორე ვადით არჩევის შემდეგ პირველი ჩართვა იმედის გადაცემა “სპორტის დროში” ჰქონდა და ფედერაციის არჩევნების ჩატარების დროის გადმოწევას შეეხო.
“არასწორად ხდება ამ თემის წამოწევა. აქ არ არის საუბარი მოკლებაზე. წესდების თანახმად, ყოველი წლის განმავლობაში ხდება 1 რიგითი ყრილობა, რომელზეც გადის ბევრი საკითხი, ბიუჯეტი და სხვადასხვა საკითხი, თუ საარჩევნო წელია, რიგით ყრილობაზე ხდება პრეზიდენტის არჩევა და აღმასკომის წევრების. თუ დავაკავშირებთ, 2015 წლის 3 ოქტომბრიდან არჩევნები წელს ოქტომბერში უნდა გამართულიყო. თუ იქითკენ წავიყვანთ, 4 წლით ადრე არჩევნები 2011 წლის ნოემბერში იყო და მაშინ კითხვა უნდა დასვათ, გახანგრძლივდა პრეზიდენტობის 4 წელი. შესაბამისად, ეს საკითხი არ წამოჭრილა და იმ ადამიანებს ვინც ცდილობს ნეგატივი შემოიტანოს ამ კითხვის დასმით, არ მივცემ ამის საშუალებას. ყველაფერი ჩატარდა წესდების მიხედვით, უეფას არჩევნები ჩვენამდე 1 კვირით ადრე გაიმართა და ფაქტია, არაფერ დარღვევაზე არ არის საუბარი. 15 თებერვალი ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღე იყო და ესაც უნდა გათვალისწინებულიყო. ჩემ გუნდთან ერთად ნაფიქრი მქონდა, თუ როდის არის უფრო სასურველი, ჩვენ როგორც მიგვაჩნდა, როგორ იყო ჩვენთვის და საერთო საქმისთვის კარგი, ისე გადაწყვიტეთ და არ დარღვეულა არავის უფლებები და არ დარღვეულა არცერთი წესდება”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ლევან კობიაშვილი ქართულ საფეხბურთო სამყაროს მომავალი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.