გიორგი ქვილითაია: “მოთმინებამ და მომავლის რწმენამ გადამატანინა ყველა ტკივილი!”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“უფალი არასდროს მოგვივლენს იმაზე დიდ განსაცდელს, რისი გადალახვაც ჩვენ არ შეგვიძლია! მე კი ყველაზე დიდი დოზით რაც გამაჩნია არის, მოთმინების უნარი! სწორედ ამ მოთმინებამ და მომავლის რწმენამ გადამატანინა ყველა ტკივილი! უამრავი შეტყობინება მივიღე ამ თვეების მანძილზე, ძალიან დიდი დოზით სიყვარული და რაც მთავარია, ჩემდამი ნდობა! აბსოლიტურად ყველა შეტყობინება წაკითხული მაქვს და იცოდეთ, რომ თითოეული სიტყვა მაძლევდა ძალას დასაბრუნებლად! ამ სიყვარულისთვის მე ყოველთვის 100% დავიხარჯები!” – წერს ქვილითაია Instagram-ში.
როგორც იცით, 25 წლის ფეხბურთელმა სექტემბერში მიღებული ტრავმის გამო თითქმის ექვსი თვე გამოტოვა. გუშინ, ქვილითაიამ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, მან ბელგიის ჩემპიონატში “ვასლანდ-ბევერენის” კარი დალაშქრა.