რამდენს ეწევა მაურიციო სარი და რამდენი ევრო უჯდება ეს მავნე ჩვევა “ჩელსის” მწვრთნელს?
იტალიელი სიგარეტს ვერ ეშვება.
2017 წლის მიწურულს დრის მერტენსმა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აპირებდა თუ არა მომავალში მწვრთნელობას, ამგვარად უპასუხა – “არა, ამას ძალიან ბევრი ნერვიულობა ახლავს თავს. სარი ზოგჯერ დღეში ხუთ კოლოფ სიგარეტსაც კი ეწევა!”.
რასაკვირველია, მერტენსის ეს კომენტარი მალევე მოედო სოციალურ ქსელებს. ფაქტმა, რომ “ნაპოლის” იმდროინდელი თავკაცი დღეში 100 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ის ადამიანებიც ჩააგდო შოკში, რომლებსაც კარგად მოეხსენებოდათ სარის მანიაკური ჩვევების შესახებ. საგულისხმოა, რომ გარკვეულმა პირებმა მეტი ეფექტისთვის დრისის ინტერვიუდან სიტყვა “ზოგჯერ” ამოაგდეს კიდეც.
რეალურად კი ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა. თავად იტალიელმა აღიარა, რომ დღეში არანაკლებ სამ კოლოფს ეწევა – სამ კოლოფს თავისუფალ დღეებში (მაგალითად შვებულებაში ყოფნისას), ოთხს ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში, ხოლო ხუთს – ტოპ-მატჩების დროს.
სტატისტიკის მოყვარულებმა უკეთ რომ აღიქვან, ციფრებიც მოვიყვანეთ მაგალითად:
• სარი სიგარეტის ყიდვისთვის თვეში 1600 ევროს ხარჯავს (დაახლოებით 4800 ₾). დღეში კი 52 ევრო (დაახლოებით 150 ₾) ეხარჯება.
• სარი ყოველ 12 წუთში ერთხელ ეწევა, თუ ჩავთვლით, რომ დღე-ღამეში 8 საათის მანძილზე ძინავს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გრაფიკი ზუსტად არავინ იცის.
• სარი თავისი ცხოვრების (18 წლის შემდეგ) მეოთხედი ნაწილი სიგარეტთან ერთად გაატარა.
• ამ დროისთვის მას საერთო ჯამში მილიონზე მეტი სიგარეტი აქვს მოწეული.
• საშუალოდ მაურიციო წელიწადში 29,2 ათას ღერ სიგარეტს მოიხმარს, საფეხბურთო სეზონის მანძილზე კი – 22 ათასს.