კახა ჩხეტიანი: “ვეცდებით, სუპერთასის მატჩში გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ”
2019 წლის საქართველოს სუპერთასის გათამაშებას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, 24 თებერვალს უმასპინძლებს. ტიტულისთვის ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “საბურთალო” შეეცილებიან. ქუთაისელებს ქვეყნის სუპერთასი ორჯერ – 1999 და 2017 წლებში აქვთ წაგებული, ხოლო 2018 წელს კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ქვეყნის მესამე შიდა ტიტული.
“გუნდმა უცხოური შეკრება გაიარა, რომელიც, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. წლის პირველი ოფიციალური შეხვედრაა და ვეცდებით, სეზონი გამარჯვებით დავიწყოთ”, – აღნიშნა ქუთაისელთა მარჯვენა მცველმა ლევან გეგეჭკორმა.
“ტორპედომ” შეკრება თურქეთში გაიარა და გუნდი ამჟამად წვრთნას ქუთაისში აგრძელებს. ფეხბურთელებმა თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე დაისვენეს, ხოლო გუშინ საწვრთნელი პროცესი განახლდა.
“საბედნიეროდ, ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს და ამ მატჩისთვის ყველა სათანადოდ ვემზადებით. ახალ კლუბში ჩემი პირველი ოფიციალური მატჩიც ეს იქნება და ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო ტორპედოს წარმატებისთვის”, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა.
კახა ჩხეტიანი: “თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელებს ორი დღე დასვენების საშუალება მივეცით. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ტრავმირებული არავინ გვყავს. ჩვენთვის ყველა თასი მნიშვნელოვანია. ყველა ის ტიტული, რომელიც დღემდე მოვიგეთ, ჩვენს გულშემატკივარს ეკუთვნოდა და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები კიდევ ერთი ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ვეცდებით, გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ”.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ “ტორპედო” ლეგიონერებმა – არფანგ დაფემ, მარეკ ჰლინკამ, გლეოფილიო ჰასელბაინკმა, ლაზარ მარინმა და მილოშ ლაჩნიმ დატოვეს. ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე კი თბილისის “დინამოს” შეუერთდა. სანაცვლოდ, “დინამოს” თავდასხმის ლიდერი და ეროვნული ლიგის ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე “ტორპედომ” დაიმატა. გუნდში ასევე მოვიდნენ ვახტანგ ნებიერიძე, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ნოდარ ქავთარაძე, ამბროსი ჩაჩუა და რიჩარდ ლუკა. ხოლო ახალგაზრდები, ლუკა მიქაია და თამაზ შერვაშიძე, ასაკობრივი გუნდიდან დაწინაურდნენ.
სუპერთასის მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 12 თებერვალს მიენიჭა.
სფფ-ის პრესსამსახური