დათუნაშვილი: “შერიგება შემომთავაზეს, მაგრამ მე ამ ადამიანს ვერ შევურიგდები”
დღეს, 23 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც გეგა გეგეშიძისა და ზურაბ დათუნაშვილის საკითხი განიხილეს. სხდომას სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის ორივე მხარე – ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტსმენი ესწრებოდა.
პრესდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ზურაბ დათუნაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ვეტერანმა მოჭიდავეებმა მას შერიგებისაკენ მოუწოდეს, თუმცა თავად ის შერიგებას არ აპირებს.
“დიკსვალიფიკაციას მომცემენ თუ ქვეყნიდან წასვლის უფლება მომცემენ, ეს გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღეს. პრესდიუმის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ფედერაცია, სპორტის სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი იმსჯელებენ იმაზე, მე გამიშვებენ თუ დისკვალიფიკაციას მომცემენ. მე ვთქვი, რომ ამ ადამიანთან [გეგა გეგეშიძესთან] ვერ ვიმუშავებ. შეხვედრაზე თქვეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უნდა შევრიგდეთ, მაგრამ მე ამ ადამიანს ვერ შევურიგდები.
ვეტერანი სპორტსმენები საუბრობენ იმაზე, რომ ამ შერიგების შემდეგ არავინ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ასეთი – მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. გინდათ ეს ადამიანი პრეზიდენტად? იყოს თქვენი პრეზიდენტი, მე გამიშვით! თუ არ გამიშვებთ, დამბლოკეთ”, – განაცხადა დათუნაშვილმა.