“მანჩესტერ სიტიმ” წლის პირველ ფინალში “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)
24 თებერვალს ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელსაც “უემბლიმ” უმასპინძლა. ფინალურ მატჩში გამარჯვება პეპ გვარდიოლას გუნდმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიპოვა და წლის პირველ ტიტულსაც დაეუფლა.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა, ისევე როგორც მთლიანად მატჩმა უფერულად ჩაიარა. ბურთის ფლობაში უპირატესობას “ქალაქელები” ფლობდნენ, თუმცა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, ისიც უშედეგოდ. ლონდონელებს კი პირველ ტაიმში ერთხელაც არ შეუწუხებიათ ედერსონი.
ვითარება დიდად არ შეცვლილა მეორე ტაიმში. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, გუნდები უფრო ფრთხილობდნენ. ძირითადი დრო დამატებითი ორი ტაიმის მსგავსად უგოლოდ დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანების სერიას წინ ძალიან საინტერესო და უპრეცედენტო ეპიზოდი უძღოდა – კეპა არისაბალაგამ მოედნიდან გასვლაზე უარი განაცხადა, რამაც სარი ძალიან გააბრაზა.
პენალტების სერიას ზემოთ ხსენებული ეპიზოდის შემდეგ არისაბალაგასთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამ უკანასკნელს გმირობამდე სულ ცოტა დააკლდა: ხუთი პენალტიდან მხოლოდ სანეს დარტყმა მოიგერია, თუმცა ძალიან ახლოს იყო, რომ აგუეროსთვისაც აეღო. ედერსონმა კი ჟორჟინიოს დარტყმა მოიგერია, დავიდ ლუისმა კი ბურთი ძელს გაარტყა.