მაურისიო სარიმ კეპასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ ინგლისის ლიგის თასის ფინალში “მანჩესტერ სიტისთან” მარცხის შემდეგ კეპა არისაბალაგას შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს სარის კეპას მაგივრად მოედანზე კაბალიერო შეჰყავდა, თუმცა ესპანელმა მეკარემ მოედანი არ დატოვა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო.
“თავდაპირველად, არასწორად გავიგე, თუ რა მოხდა. მას შემდეგ, რაც ექიმები სათადარიგო სკამთან დაბრუნდნენ, მაშინ ყველაფერს მივხვდი.
ეს დიდი გაუგებრობა იყო, რადგან მე გავიგე, რომ მეკარეს რაღაც ტკიოდა და ის პენალტების სერიის დროს კარში დგომას ვერ შეძლებდა. როგორც აღმოჩნდა, მას კარში დგომა შეეძლო.
კეპამ გაიგო, რომ ფიზიკური პრობლემების გამო მის შეცვლას ვითხოვდი, მან კი თქვა, რომ პრობლემა არ ჰქონდა – ის მართალი იყო”, – ციტირებს სარის სიტყვებს “ბიბისი”.