მანჩინი: “სიტის” დე როსის დამატებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა”
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ თავის დროზე “მანჩესტერ სიტის” დანიელე დე როსის დამატებამდე სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი “ქალაქელებს” 2009-დან 2013 წლამდე თავკაცობდა, რა დროსაც გუნდმა პირველად უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. სწორედ ამ პერიოდში ცდილობდა “სიტი” დე როსის ტრანსფერის გაჩარხვას.
“მაშინ მთელი ღამე რომში დე როსისთან საუბარში გავატარეთ. ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ დანიელემ ბოლო მომენტში უარი თქვა. ძალიან გავბრაზდი, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მაშინ დე როსის კარიერის შუა პერიოდი ედგა. მე მას ძალზედ ძლიერ ფეხბურთელად ვთვლიდი და ვფიქრობდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნებოდა”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Il Messaggero.
შეგახსენებთ, რომ დანიელე დე როსი “რომას” პირველ გუნდში 2001 წლიდან გამოდის. მას მშობლიური კლუბის რიგებში 610 მატჩი აქვს ჩატარებული.