ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ახალი მთავარი პარტნიორი – კრისტალბეთი იქნება!
საქართველოს ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება. ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატს ახალი მთავარი პარტნიორი ჰყავს. 2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან, კომპანია კრისტალბეთი ეროვნული ლიგის ოფიციალური წარმდგენი იქნება. “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“, დღეიდან იწყება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“, სტარტს 2 მარტს აიღებს.
ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის კრისტალბეთის მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა სიახლე ელოდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პოპულარიზაციისთვის, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი, მატჩების ტრანსლაცია „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ინტერნეტ პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება, პარალელურად კი მატჩების ნახვის შესაძლებლობა გულშემატკივარს საცდელი მაუწყებლობის რეჟიმში, საკაბელო ტელევიზიის „O2“-ს საშუალებით ექნება. ტურის ცენტრალური მატჩი, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია კრისტალბეთს შორის კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონია 1 მარტს, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. კომპანია კრისტალბეთი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დღემდე განხორციელებული პროექტებიდან, ყველაზე ძლიერი ფინანსური მხარდამჭერია. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 მილიონ ლარს მიიღებს.