ჩრდილო ლონდონური დერბი დრამატულად დასრულდა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 29-ე ტური ლონდონურმა დერბიმ, “ტოტენჰემისა” და “არსენალის” დაპირისპირებამ, გახსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში “მეთოფეებმა” გახსნეს – მე-16 წუთზე თავისი შანსი აარონ რემზიმ გამოიყენა და ლაკაზეტს საგოლე გადაცემაც ჩაუწერა.
მეორე ტაიმში გუნდებმა ტაქტიკა შეცვალეს, ბურთის ფლობაშიც გათანაბრდა მდგომარეობა. 74-ე წუთზე შკოდრან მუსტაფიმ საჯარიმოში მყოფ ჰარი კეინზე იუხეშა, რაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯარიმად შეაფასა და თერთმეტმეტრიანიც დანიშნა. პენალტი ინგლისელმა ვარკსვლავმა ზუსტად შეასრულა.
თამაშის დამატებით დროში ტეილორმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, თუმცა ამჯერად საპირისპირო კარის მიმართულებით – ბურთთან ობამეიანგი მივიდა, რომლის დარტყმულიც ჰუგო ლორისმა მოიგერია.
ასე რომ, ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემი” მესამე პოზიციას იკავებს 61 ქულით, “არსენალი” კი 57 ქულით მეოთხეა. მომდევნო ტურში “მეთოფეები” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებენ, “ტოტენჰემი” კი “საუთჰემპტონს” ეწვევა.