იოაჰიმ ლიოვმა ჰუმელსი, მიულერი და ბოატენგი ნაკრებიდან სამუდამოდ გაუშვა
გერმანიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. “მანშაფტის” თავკაც იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებით, თომას მიულერი, მათს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი ნაკრებში აღარ ითამაშებენ. ლიოვი საგანგებოდ ჩაბრძანდა მიუნხენში, რათა დასახელებული ფეხბურთელებისთვის ეს ამბავი პირადად ემცნო.
“2019 წელი გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია. გვინდა გასულ წელს დაწყებული ცვლილებები გავაგრძელოთ. ჟერომი, მათსი და თომასი ნაკრებში აღარ ითამაშებენ. მნიშვნელოვანი იყო, რომ მათთვის ამის შესახებ პირადად მეთქვა.
ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეებად და თავიანთი კლუბის სახეებად რჩებიან. დიდებული ფეხბურთელები არიან, რომლებიც ეროვნული გუნდის ღირსებას მრავალი წლის განმავლობაში იცავდნენ. მათს, ჟერომსა და თომას ერთად გატარებული ამ წარმატებული, უნიკალური და განსაკუთრებული წლებისთვის მადლობას ვუხდი.
ნაკრებს ახალი კურსი, ახალი სახეები სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებისთვის საკმარისი დრო მიეცემათ. დადგა დრო, რომ მათ პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე აიღონ”, – ციტირებს ლიოვის სიტყვებს გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.
ბოატენგმა (30 წლის), ჰუმელსმა (30 წლის) და მიულერმა (29 წლის) ეროვნულ გუნდში თამაში 2009-2010 წლებში დაიწყეს. მათ საერთო ჯამში “მანშაფტის” რიგებში 246 მატჩი ჩაატარეს. თომას მიულერმა 38 გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შესვლაც მოახერხა. ამ ფეხბურთელებმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს.