“მანჩესტერ იუნაიტედმა” “პსჟ”-ს ომი მოუგო (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა. პარიზში ჩატარებული შეხვედრა დრამატული სცენარით წარიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე სწორედ ისინი ითამაშებენ.
“წითელი ეშმაკების” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პირველ ტაიმში ორჯერ ისარგებლა მეტოქის უხეში შეცდომით. ბელგიელმა ფორვარდმა თილო კერერის უკან გაკეთებული არაზუსტი პასი შეირგო და ინგლისელები მე-2 წუთზე დააწინაურა, ორმატჩიან დაპირისპირებაში კი სიტუაცია მკვეთრად დაძაბა, თუმცა ზუსტად ათ წუთში ხუან ბერნატმა წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ თამაში შედარებით დამშვიდდა. 30-ე წუთზე კი მარკუს რაშფორდის შორეული დარტყმულის შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა ბურთი უხეიროდ მოიგერია, რითაც კიდევ ერთხელ ისარგებლა ლუკაკუმ და დუბლი გაიფორმა – 1:2.
მეორე ტაიმის უმეტესი ნაწილი ორივე გუნდმა ფრთხილ თამაშში გაატარა, მატჩის კომპენსირებულ დროში კი კიმპემბეს საკუთარ საჯარიმო მოედანზე ბურთი ხელზე მოხვდა და ვიდეოგამეორების შემდეგ მთავარმა არბიტრმა “პსჟ”-ის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომლის რეალიზებაც რაშფორდმა შეძლო – 3:1 და “წითელი ეშმაკები” მეოთხედფინალში არიან.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“პარი სენ-ჟერმენი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 1:3 (1:2) (ორი მატჩის ჯამში 3:3)
გოლები: ბერნატი 12′ — ლუკაკუ 2′, 30′, რაშფორდი 90+4′ (პენ).