“რომას” პრეზიდენტი: “ამ უსამართლობით დავიღალე, ვნებდები”
“რომას” პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა “პორტუსთან” მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო. ამერიკელ-იტალიელი ბიზნესმენი ამბობს, რომ მის კლუბს ზედიზედ ორი სეზონია უსამართლოდ ექცევიან.
როგორც იცით, 2017-18 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რომაელები “ლივერპულთან” დამარცხდნენ. მაშინ არბიტრებმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს.
გუშინ, “პორტუსთან” მატჩში ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ 117-ე წუთზე რომაელთა წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ტელესმა გოლად აქცია. ასევე, “ჯალოროსის” ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას პატრიკ შიკის წაქცევისათვის ითხოვდნენ.
“გასულ წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეორეფერის გამოყენება მოვითხოვეთ, რადგან ნახევარფინალში უსამართლოდ მოგვექცნენ. დღეს ვიდოერეფერი გამოიყენეს, მაგრამ მოგება ისევ წაგვართვეს. ნათლად გამოჩნდა, რომ პატრიკ შიკი საჯარიმოში წააქციეს, თუმცა თამაშის წესის დარღვევა არ დაფიქსირდა. ამ უსამართლობით დავიღალე, ვნებდები”, – განაცხადა პალოტამ.